საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი - სადოქტორო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში: სწავლების მესამე ციკლის ნორვეგიული გამოცდილება საქართველოსთვის

 

განხორციელების ვადები: 2012-2016

 

მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო თანამშრომლობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

2012 წლიდან თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე ამოქმედდა ნორვეგიული ფონდის განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტი „სადოქტორო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში: სწავლების მესამე ციკლის ნორვეგიული გამოცდილება საქართველოსთვის“ (პროექტი CPEA-2012/10040; პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტი – ტრომსოს უნივერსიტეტი; პროექტის კოორდინატორი –  პროფესორი ტორალფ ჰასვოლდი). პროექტის ხანგრძლივობა – 4 წელი. პროექტი მიზნად ისახავდა მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების ჰარმონიზაციას ბოლონიის პროცესებთან,    ტრომსოს უნივერსიტეტის გამოცდილების გათვალისწინებით.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ახალი სასწავლო კურსები, აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და სემინარები როგორც ნორვეგიაში, ისე საქართველოში. მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებმა წარმატებით დაასრულეს ტრომსოს უნივერსიტეტის მიერ სადოქტორო სწავლებისათვის განსაზღვრული სავალდებულო სასწავლო კურსები, მათი სამეცნიერო კვლევის პროცესს ზედამხედველობა ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორებმაც გაუწიეს, სტუდენტთა კვლევის შედეგები ორჯერ იქნა მოსმენილი შუალედურ და შემაჯამებელ კონფერენციაზე ქართველი და ნორვეგიელი პროფესორების მიერ.

2014 წელს ლოზანაში (შვეიცარია) წარდგენილ იქნა პროექტის შედეგები ზეპირი და სასტენდო მოხსენების სახით – „სადოქტორო პროგრამების მოდერნიზაცია (SIU)-ს პროექტის ფარგლებში ტრომსოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გზით: თსუ-ის და სუ-ის გამოცდილება.“ 2015 წელს გამოქვეყნდა სახელმძღვანელო საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და ოთხი ერთობლივი სამეცნიერო სტატია, მათ შორის სტატია: „სადოქტორო განათლება და კვლევა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე საერთაშორისო თანამშრომლობის განზომილებაში“, სადაც აისახა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა არა მხოლოდ სამედიცინო დარგის მეცნიერებისათვის, არამედ პაციენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებისთვის. პროექტის საბოლოო ანგარიში წარდგენილ იქნა SIU-ს გაფართოებულ სხდომაზე 2015 წლის მაისში, ოსლოში. ანგარიში ნორვეგიელი კოლეგებისა და ფონდის (SIU) მიერ დადებითად შეფასდა.

საერთაშორისო პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტრომსოს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულებით დასრულდა, 2014 წლის 11-13 ივნისს ტრომსოს უნივერსიტეტში გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულება, დაისახა მომავალი თანამშრომლობის სფეროები, გაგრძელდა თანამშრომლობა ახალი საპროექტო წინადადების მზადების მიზნით.

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის სამეცნიერო და, ასევე, პედაგოგიურ საქმიანობაში ხელშეწყობისათვის, საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, ემერიტუს პროფესორ ტორალფ ჰასვოლდს 2016 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.